top of page

შეიარაღებული კონფლიქტიდა კლიმატი - რა უნდა ვიცოდეთ

Updated: Jul 12, 2023

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, კონფლიქტის გავლენა მსოფლიოზე კი მალევე გახდა შესამჩნევი. მაგალითად, ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად მოიმატა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებმა, რამაც სრულიად შეცვალა გლობალური ენერგომომარაგების სისტემა. მილიონობით ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი ადგილი, განადგურდა გარემო და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის საკითხი მსოფლიოს ნაწილისთვის ისევ მეორეხარისხოვანი გახდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგომიმწოდებელს წარმოადგენს, მასზე სანქციების დაწესებამ მსოფლიოში ენერგიის კრიზისი გამოიწვია. კრიზისს სახელმწიფოების ნაწილი განახლებადი ენერგიით პასუხობს, ნაწილი კი უბრალოდ ალტერნატიულ ტრადიციულ ენერგიის წყაროებს ეძებს, რომლებიც კიდევ უფრო მაღალი ემისიებით ხასიათდებიან. ასეთია ქვანახშირი.

გერმანიის მაგალითმა დაგვანახა, რომ წიაღისეული საწვავიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის მსოფლიო დიდი ხანია მზადაა, უბრალოდ, რუსეთისნაირი აგრესორი ქვეყნებისგან საწვავის ყიდვა უფრო მარტივ და იაფ გზად ესახებათ.

ევროპა რუსეთს წიაღისეული საწვავის სანაცვლოდ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა და ამით რუსეთის საომარ საქმიანობას ირიბად აფინანსებდა. მიუხედევად იმისა, რომ ომის შემდეგ სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს და ევროკავშირმა ქვეყნიდან ენერგიის იმპორტი გასული წლის 10 აგვისტოს აკრძალა, დარჩენილი რესურსები ინდოეთმა და ჩინეთმა გაინაწილეს. შედეგად, ახლა რუსეთს იმაზე მეტი ნავთობი გააქვს ექსპორტზე, ვიდრე აქამდე. თუმცა, რიგ ქვეყნებს რუსეთმა თვითონვე შეუწყვიტა ენერგიის მიწოდება, რადგან მათ რუბლით გადახდაზე თქვეს უარი.

ბოლო წლების მზარდი ნარატივის მიხედვით, კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და საჭიროებს სამხედრო ინვესტიციებს. თუმცა, არამხოლოდ კლიმატის კრიზისი ქმნის კონფლიქტის საფრთხეს, არამედ კონფლიქტიც აუარესებს კლიმატის მდგომარეობას. თავის მხრივ, ომი გლობალური წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას აძლიერებს, რასაც ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე წვდომის შეზღუდვით ახერხებს.

რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად ხანძარი ელექტროსადგურზე. კიევი, 10.10.2022.

ფოტო: Serhii Mykhalchuk/Global Images Ukraine

ბოლო 60 წლის განმავლობაში შიდა კონფლიქტების 40% მაინც ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით ხდება, იქნება ეს ხე-ტყე, ალმასები, ოქრო, ნავთობი თუ მწირი რესურსები, როგორიცაა ნაყოფიერი მიწა ან წყალი. აღსანიშნავია, რომ რესურსებთან დაკავშირებულ კონფლიქტებში რეციდივის რისკი დანარჩენებთან შედარებით 2-ჯერ მაღალია.

გარემოს ომის ჩუმ მსხვერპლს უწოდებენ. შეიარაღებული კონფლიქტები ხშირად იწვევს გარემოს დეგრადაციას, აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რომელსაც შედეგად მოსახლეობის მოწყვლადობის ზრდა მოსდევს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საერთაშორისო სამართლის კანონები, რომლებიც ბუნებრივი გარემოს დაცვას ისახავს მიზნად, ისტორია გვიჩვენებს, რომ ომს არც გარემოს, არც ადამიანების თუ ცხოველების და არც რაიმე სხვის დაცვის კანონები აქვს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაზიანების იარაღად გამოყენება მოიაზრებს ტყის გამიზნულ განადგურებას, გარემოში ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას, ნავთობის საბადოების დაწვას და ა.შ.

ომის გავლენა გარემოსა და ადამიანებზე აშკარაა, თუმცა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ზემოქმედება აქვს მას კლიმატზე. მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღები, საფრენი აპარატები, ტანკები და სატვირთო მანქანები, რომლებსაც მხარეები კონფლიქტში უპირატესობის მოსაპოვებლად და მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იყენებენ, უამრავ სათბურის აირებს გამოყოფენ. ომთან დაკავშირებული ემისიების დათვლა კი კონფლიქტის პირობებში საკმაოდ რთულია. მეტიც, ეს ემისიები საერთოდ არაა გათვალისწინებული პარიზის შეთანხმების სამიზნე მაჩვენებლებში, რომლებმაც ტემპერატურული ნამატის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს.

სანამ კონკრეტულად ომზე გადავალთ, იქამდე იმაზე უნდა გესაუბროთ, თუ რად უჯდება მსოფლიოს სამხედრო ძალების უბრალოდ არსებობა და მათი აღჭურვილობის წარმოება.

Guardian-ის მიხედვით, მსოფლიოში სამხედრო ძალები გლობალური ემისიების 6%-ზე არიან პასუხისმგებელნი. ეს რიცხვი თუ თვალში გეპატარავებათ, გეტყვით რომ ბევრი სახელმწიფო საერთოდ არც აღრიცხავს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებულ ემისიებს. მათ შორის არიან რუსეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ისრაელი. ევროკავშირი, რომელსაც ერთად აღებულს ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავს, მხოლოდ ემისიების ნაწილს აღრიცხავს, ისიც ეროვნული უსაფრთხოების მიზნით . სამხედრო მოქმედებები მოიცავს როგორც ავიაციას, ასევე მილიტარისტულ ტექ ინდუსტრიას, საიდუმლო სამხედრო ბაზებს და ა.შ.

მშვიდობის დროსაც კი, სამხედროები უდიდესი რაოდენობით წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ. მაგალითად, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში, სამთავრობო უწყებებს შორის, სამხედრო განყოფილება ყველაზე მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს იყენებს.

აღნიშნულის მოხმარება იზრდება სახელმწიფოებში სამხედრო უწყებების დაფინანსების ზრდის პარალელურად იმის მიუხედავად, არის თუ არა სახელმწიფო ჩართული კონფლიქტში.

სამხედრო ძალების უბრალოდ შენარჩუნებაც კი უკვე აუარესებს კლიმატის მდგომარეობას, აქტიური საომარი მოქმედებები კი მაქსიმალურად ზრდის მისი ზიანის პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ემისიებმა, შესაძლოა, წელიწადში ასობით მილიონ ტონა ნახშირორჟანგს მიაღწიოს. ეს რიცხვები რომ კარგად აღიქვათ, გეტყვით, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები რომ ქვეყანა ყოფილიყო, ემისიების რეიტინგში 50-ე ადგილს დაიკავებდა. ამ რეიტინგში საქართველო 105-ე ადგილზეა.

სამხედრო ძალები განახლებად ენერგიაზე გადასვლის საქმეში პიონერები არიან, განსაკუთრებით ისეთ საბრძოლო ზონებში, როგორიც ავღანეთია. ამის მიზეზი ენერგიის ისეთ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება იყო, რომლებიც, ტრანსპორტირებისას, ადვილად შეიძლება მტრის სამიზნე აღმოჩნდეს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედროები განახლებად ენერგიაზე გადავლენ და საომარ მოქმედებებს გააგრძელებენ, პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩება.

Salon-ის თანახმად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გასული ოცი წლის განმავლობაში, სხვა ქვეყნებში, 337 000 ბომბზე მეტი ააფეთქეს. თვითმფრინავები, რომელთა საშუალებითაც აღნიშნული იარაღები გადაიტანეს, 1 კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს წვავს. 2021 წლის კონფლიქტისა და გარემოს დაცვის ობსერვატორიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ს სამხედრო ემისიები არც მეტი არც ნაკლები 23.5 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი იყო. გაერთიანებულ სამეფოში კი სამხედრო ემისიები 2018 წლის მაჩვენებელს - 11 მლნ ტონა ნახშირორჟანგს ახლა სულ მცირე სამჯერ აღემატება.

ბრაუნის უნივერსიტეტის შეფასებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა 2001 წლიდან 2018 წლამდე, საომარი მოქმედებებით ატმოსფეროში 1.3 მილიარდი ტონა სათბურის აირების ემისია გამოიწვია. მდგომარეობა არც ახლაა დამაიმედებელი. აშშ-ს 2022 წლის ბიუჯეტი ახალი ბენზინზე მომუშავე მფრინავი აპარატებისა და საომარი მოწყობილობების შეძენაზე იყო გათვლილი. ეს იარაღები შეიძლება ომში საკმაოდ ეფექტიანი იყოს, მაგრამ ენერგიის ხარჯვაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მაგალითად, ახალი F35 რეაქტიული თვითმფრინავი 1 საათიანი ფრენისთვის 6 000 ლიტრ საწვავს საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ახალი აღჭურვილობაც წიაღისეულ საწვავზე მუშაობს, სამხედროების დეკარბონიზაციას ჯერ არ უნდა ველოდოთ.

COP27-ზე უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან მხარეთა კონფერენციამდე ქვეყანაში 33 მლნ ტონა სათბურის აირი გაიფრქვა, აქ მხოლოდ ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანძრებისა და ნავთობის მარაგების დაწვის შედეგად გაფრქვეული ემისიებია გათვალისწინებული. ომის მიმდინარეობის ერთ წელში კი ემისიების მაჩვენებელი 120 მლნ ტონას გაუტოლდა. სტრილეცის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენა კიდევ უფრო მეტი ემისიების - 49 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაშვებას გამოიწვევს.

შეიარაღებული კონფლიქტისა და კლიმატის ცვლილებას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი 1991 წლის სპარსეთის ყურის მეორე ომია. ერაყის სამხედრო ძალებმა უკან დახევის დროს ნავთობის 727 ჭას წაუკიდეს ცეცხლი. შედეგად გაფრქვეულმა აირებმა კი იმ წელს გლობალური ემისიების 2-3% შეადგინა.

ერაყის სამხედრო ძალებმა უკან დახევის დროს ნავთობის 727 ჭას წაუკიდეს ცეცხლი., ფოტო: picture-alliance/Photoshot/J. Jordan

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტი 2 ტრილიონი დოლარია, რაც დაახლოებით 12-ჯერ აღემატება კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ყოველწლიურ ბიუჯეტს . Global Responsibility-ს მეცნიერისა და სამხედრო ემისიების ექსპერტის, სტიუარტ პარკინსონის თქმით, ნებისმიერი ომის დანახარჯები წიაღისეულ საწვავთანაა დაკავშირებული. სამხედრო ხარჯების ზრდა კი, შესაბამისად, მეტ ემისიებს უკავშირდება.

აქვე უნდა აღვნიშნო ნახშირორჟანგის "მარაგის" — ტყის განადგურება. დეფორესტაციის დროს, ბიომრავალფეროვნების კარგვასთან ერთად, ატმოსფეროში მთელი რიგი ტოქსიკური აირები თავისუფლდება, ამიტომ ხანძრები ხშირად გამოიყენება მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ხანდახან ეს პროცესი გამიზნულად არ მიმდინარეობს და შეიძლება კონფლიქტის პარალელულად განვითარდეს. მაგალითად, კოლუმბიის ათწლიანი კონფლიქტის დროს ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორია უმართავი დარჩა და, შედეგად, დეფორესტაციის მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა.

ემისიები გაიფრქვევა არამხოლოდ თავდასხმისას, არამედ თავდასხმის შემდგომ აღდგენითი ღონისძიებების დროსაც. მაგალითად, სირიაში, ომის შედეგად დანგრეული ქალაქების აღდგენის დროს, სავარაუდოდ, იმავე რაოდენობის სათბურის აირები გაიფრქვევა, რა რაოდენობის ემისიაც შვეიცარიაში ყოველწლიურად ხდება.

კარგი ამბავი ისაა, რომ NATO თავის წევრებს ავალდებულებს, 2050 წლისთვის ნულოვან ჯამურ ემისიებს მიაღწიონ. ამ მიზნის შესასრულებლად განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიების რეგულარულ და გამჭვირვალე აღრიცხვას მიექცევა, რაც საკმაოდ დამაიმედებლად ჟღერს.

იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო ემისიების სავალდებულო აღრიცხვა ქვეყნის კლიმატის მიზნების შესრულებას აფერხებს, ამან, შესაძლოა, ქვეყნებს შორის კონფლიქტზე შემაკავებელი გავლენა იქონიოს. ნულოვანი ემისიების მისაღწევად განახლებად ენერგიაზე სრული გადასვლა გახდება საჭირო. შესაბამისად, მდიდარი სახელმწიფოების შემოსავალი, რასაც ისინი წიაღისეული საწვავის ექსპორტით იღებენ, თანდათან შემცირდება და მათ კონფლიქტისა და შეიარაღების დასაფინანსებლად ადრინდელივით დიდი რესურსები აღარ ექნებათ.

თუმცა, NATO-ს კლიმატის მიზნები შედეგს არ გამოიღებს, თუ სახელმწიფოები, პარიზის შეთანხმების მსგავსად, ამ უკანასკნელის დაპირებებსაც უგულებელყოფენ. გარდა ამისა, არსებობს უფრო დისტოპიური მომავლის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიხედვითაც ქვეყნები ერთმანეთს აღნიშნული მიზნების შესრულებაში გამიზნულად შეუშლიან ხელს. ასევე, IPCC - ის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარშემო არსებულმა საერთო დაძაბულობამ, შესაძლოა, კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე გლობალურ თანამშრომლობას ძირი გამოუთხაროს. სცენარი სავაჭრო ომებს წინასწარმეტყველებს, რასაც ნაციონალიზმის გაძლიერება მოსდევს, შედეგად კი მსოფლიოში ტემპერატურული ნამატი 4 გრადუსს სცდება.

bottom of page